ბჟანია თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობად "აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" აღიარებას ასახელებს

09-11-2021 16:39:33 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია სოხუმსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის" აღიარებას ასახელებს.

შესაბამისი განცხადება მან საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ კოორდინატორ საბინა მახლსა და გაერო-ს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის სამმართველოს საველე საკითხთა მრჩეველ მარია ვოლოშკევიჩთან შეხვედრაზე გააკეთა.

"აფხაზეთი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების ჩამოყალიბების მომხრეა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტს აღიარებს" - აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ ბჟანიამ ბოლო პერიოდში ამ საკითხში ტონი გაამკაცრა. მისი დე ფაქტო მმართველობის საწყის ეტაპზე იგი თბილისთან თანამშრომლობის ინიციატივას აჟღერებდა ვაჭრობისა და სხვა საკითხებში, ხოლო მოგვიანებით "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში" თბილისთან "მრავალდონიანი დიალოგის" შესახებ მუხლიც კი შეიტანა, რითაც პრორუსული ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. კიდევ მოგვიანებით ეს მუხლი კონცეფციიდან ამოიღეს, თუმცა ბჟანია აცხადებდა, რომ ეს თბილისთან თანამშრომლობის შესაძლებლობის გამორიცხვას არ ნიშნავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები