ახალი ამბები

„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

20 ნოემბერი, 2021 • 9555
„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

„ალტ-ინფომ“ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.

პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, სხვა ლიდერები კი იქნებიან კოკა მორგოშია, ირაკლი მარტინენკო, გიორგი ქარდავა და სხვები. სარევიზიო კომისიის წევრად დაასახელეს ერთ-ერთი წამყვანი, ემრე ქუჩუკი.

ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, წერეთლის გამზირზე, „ექსპო-ჯორჯიას“ ერთ-ერთ პავილიონში გაიმართა.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

გასულ წელს „ფეისბუკმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა.


5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი