ინალ არძინბა: "პრიორიტეტი საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარების მიღწევაა"

23-11-2021 00:07:53 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის - ინალ არძინბას განცხადებით, მისთვის პრიორიტეტი "რუსეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება" და "საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევაა".

როგორც არძინბამ აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სწორედ აღიარების მიღწევა იქნება მისი მინისტრობის პირობებში თბილისთან ურთიერთობებში პრიორიტეტი.

იკითხეთ ასევე: ინალ არძინბა – მთავარ დიპლომატად, როგორც “დამოუკიდებელი” აფხაზეთის დასასრულის დასაწყისის სიმბოლო

«ჟენევის დისკუსიები რჩება ერთადერთ მრავალმხრივ ფორმატად, რომელშიც აფხაზეთს წარმოდგენილობა გააჩნია. შესაბამისად, ეს ძალზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა და აქ ჩვენი მკაფიო პრიორიტეტიც გასაგებია – ესაა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების მიღწევა საქართველოს მხრიდან, ისევე, როგორც ძალის არგამოყენების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება. გასაგებია, რომ ეს რთული და გრძელი გზაა, ცხადია, იქნება წინააღმდეგობა და მარტივად ამას ვერ მივაღწევთ, თუმცა დაჟინებით გავყვებით ამ გზას», – განაცხადა ინალ არძინბამ.

მსოფლიოსა და უშუალოდ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მან "საკმაოდ დაძაბულად" შეაფასა.

იკითხეთ ასევე: "ქართველები მიგვანიშნებენ: «ჩვენი სახლი უკეთესია, დაგვიბრუნდითო», მაგრამ ჩვენ ჩვენი სახლი გვაქვს"

«უდავოდ, აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში ხელს არ უწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას და, რაღა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ყურადღებას მოითხოვს. ასევე საჭიროა თვალის დევნება საქართველოში არსებული ვითარებისთვის, რომელიც ასევე აქტიურად ვითარდება. ჩვენთვის ამოსავალი ისაა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარება, ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება - ეს პრიორიტეტია», – დასძინა არძინბამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები